vendredi 20 juillet 2012

Georgien (Sept poèmes en georgien)



Athanase Vantchev de Thracy
 ატანას ვანჩევ დე ტრასი


Insimulable clarté

განუმეორებელი სინაზე

რამ ჩატია ჩემს სულში ეს ამდენი დაისი,
გამჭვირვალე ზაფხულის თავბრუდამხვევ სინაზით!
ასე მთიდან ეშვება თოვლი, მერე ქარების მსუბუქ ფერებ-ფერებით
გარდაქმნილი მდინარედ
ზღვის მთრთოლარე ტალღებთან შეყრად მიეშურება!


Muguets

შროშანები

გარდამოფენილს მაგიდას სუფრას
შროშანათა ზარები შვენის.
გარეთ ჩიტი დღის მდუმარებას
სულში ჩამწვდომი სიმღერით ავსებს.
სიმშვიდით ვტკბები
და ვიხსენებ ყველას,
ვინც კი მეძვირფასება.

La vie savance

ხოლო ცხოვრება გადის

ცხოვრება გადის! მხოლოდ შენ ხარ სინათლის სხივი
ხსოვნის მადანი გაუკაწრავს თითქოს სატევარს,
ერთსღა გთხოვ ახლადაბინდულის ფერებით ცივით,
მაგ შენს თვალებში, ამ ჭაღარა სევდის ჩატევას.



Versailles

ვერსალი
გვიყვარდა ვერსალი მეჯლისთა ნატიფთა,
ნართაულ ნათქვამთა ელვარე სიტყვები,
სიცილთა შრიალი, ღიმილთ სიტკბოება,
ფარჩებში ჩაფლული ვნებანი რაყიფთა!


Epigraphe (Les Lys de la vallée)

შროშანნი ღელეთა

აქ ატანასი განისვენებს. გამვლელო, შესდექ!
ღელეთ შროშანთა სამარეში დაუფლავთ იგი
დილის ცვარ-ნამის სუდარაში გამოწყობილი.
ხოლო ცხოვრება მისი იყო ერთი პოემა
და პოემად დარჩება კიდეც უკუნისამდე!




Palmyre

პალმირა

მიყვარხარ! სიტყვებს სევდა ავსებს, ვით განშორება,
გულს შორეული ჭორომების ნიშანი აზის.
მიყვარხარ! შენი ნიავი და შრიალი ნაზი
ჭიჭინობელთა, საღამოს ბინდს მიეშურება.

მიყვარხარ, როცა განთიადი აანთებს თვალებს,
ააწამწამებს მათ სიღრმეში უსასრულობას.
ცრემლთა ნაკადი და ამინდის უსუსურობა,
შენი სინათლე, შენი სუნთქვა თავბრუს დამახვევს.

მიყვარხარ! ძილი დაუკარგავთ ღამის ზმანებებს,
მოგონებათა ქარავანი თავს არ მანებებს,
ლამის წამლეკა წყლის ძალით და ზახილის ძალით!

ჩემი პალმირის შენ განახვნე კარნი მარმაში,
აღმოთქვი ღამე, დიდებული მეფურის ძილით,
ცეცხლის სიმღერა ჩააქსოვე სისხლის ქარვაში.



Cette nuit, je ne peux pas dormir

მე ამ ღამით ვერ დავიძინებ

დალიბორას

თრობა ხარ ჩემი,
მე ვეღარასდროს გამოვფხიზლდები,
მე არ ძალმიძს გამოფხიზლება,
მე არ მინდა გამოფხიზლება.“

ნაზიმ ჰიქმეთი

არა, ძვირფასო, ამ ნათელ ღამით,
ამ თავანკარა ზაფხულის ღამით
ვერ დავიძინებ!
ეს ვარსკვლავები, ჩემო ძვირფასო,
ეს ვარსკვლავები დამათრობელი,
და ეს სიჩუმე,
ეს სიჩუმე,
შენი თვალების ელვარებით განათებული,
ჩემს წამწამებზე ჩამომსხდარან და ციმციმებენ.
ამ ნაზი ღამით,
როცა ჩიტის ყოველი ბუდე
ბედნიერებით სავსე ნავია,
მე ვერაფრით ვერ დავიძინებ,
ვერა, ძვირფასო!


Traduit par Paata Natsvlichvili

თარგმანი პაატა ნაცვლიშვილისა



Aucun commentaire: