ატანას ვანჩევ დე ტრასი
თარგმანი პაატა ნაცვლიშვილისა
seneca / сенека
სენეკა
რომის ღირსება, ძლიერება, სინდის-ნამუსი,
და ესპანეთის თავისუფალი სული მაღალი!..
შენ სიკვდილი სულ სხვაგვარი სევდით აღგვავსებს
ამქვეყნიური ტრაღედიებით დასტურ დაღალულთ.
LE BRUIT DU MATIN / ЗВУКИ УТРА
დილის ხმები
„ბაღში სუფეს სიჩუმე და ციმციმი ნამის“.
მარია ვოლტორტა
„ქრისტეს ვნება“
მოდის და მოდის ბგერები დილის
და განიბნევა ჩემი ოთახის სიმყუდროვეში.
და შაშვის მღერა,
მაღალი ბგერა,
გამჭვირვალე და
ყოვლისმომცველი,
აცოცხლებს დროჟამს!
და მღერა იგი სოფელივით სადა არის და ბუნებრივი
და დიადი თეოკრიტეს
გენიალურ ქმნილებებს მოჰგავს.
იგივ მუსიკა,
იგივ გრძნობა,
ბუნებით სავსე
და მთების გული,
რომელიც წყაროს სიცოცხლეს აძლევს.
და უცებ უფრო ნათლად, მკაფიოდ,
გამჭვირვალედ და
გულში ჩამწვდომად
ქრისტეს ხმა ისმის:
იწამეთ უფალი!
და მე ხმა იგი
დიდებული სიმშვიდით მმოსავს.
სიტყვები მისი, უღრუბლონი, სურნელოვანნი,
ვარდის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს
თანდათან აზრს და ძალას აძლევენ.
და თავს გვატყდება დღე, როგორც ზვავი!
რუეი-მალმეზონი, შაბათი, 14 ივნისი, მადლიანი წელი XXVIII
შენიშვნები:
მარია ვოლტორტა (1897–1961): იტალიელი მისტიკოსი. დაიბადა
კაზერტაში 1897 წლის 14 მარტს და მაშინვე მოხვდა ძიძის ხელში. ოჯახში
მხოლოდ წლინახევრისა დააბრუნეს. დედამისს, ინტელიგენტურ, მაგრამ სასტიკ
ქალს, იგი არ უყვარდა და მთელი ცხროვრების მანძილზე აგრძნობინებდა ამას.
ერთადერთი ნუგეში მარიათვის მამამისი იყო, რომლის წყალობით შეიგრძნო მან
მამა-ღმერთის სიკეთე.
მამამისი პროფესიონალი სამხედრო იყო და ბევრს მოგზაურობდა, ამიტომ მარია
ხან კაზერტაში ცხოვრობდა, ხან ფაენცაში, ხან მილანში, ხან ვოგერეში, ხან
ვიარეჯიოში და ხანაც ფლორენციაში.
თავიდან მარია მილანის ურსულელთა საბავშვო ბაღში დადიოდა. სწორედ აქ,
სამლოცველოს შთამბეჭდავი ჯვარცმის შემყურემ შეიცნო მან „ღვთაებრივი სიკეთის
გამოუთქმელი საიდუმლო“. 12 წლისა იგი მონცის ბართოლომეა კაპიტანოს დედათა
ტექნიკურ კოლეჯში შევიდა, სადაც ხუთი წელი ლიტერატურისა და ისტორიის
შესწავლაში გაატარა. 1917 წლიდან 1920 წლის ზაფხულამდე მარია მოწყალების
დად წავიდა ომში. დედამისმა ორჯერ უღირსი მეთოდებით ჩაუშალა მას ნიშნობები.
მას შემდეგ მარია მიხვდა, რომ ღმერთს სურდა, მთელი სიცოცხლე მისთვის
მიეძღვნა. 1925 წლის 25 იანვარს მან, ტერეზა ლიზიოს მსგავსად, საკუთარი
თავი მოწყალების სიყვარულის სამსხვერპლოზე მიიტანა. 1929 წლის დეკემბრიდან,
სამი წლის განმავლობაში, „აკსიონ კატოლიკში“ მუშაობდა. რევოლუციონერების
მიერ მძიმედ დაჭრილს, საშინელი ტკივილებით გაწამებულს, მას დამბლა დაეცა.
1934 წლიდან იგი ლოგინს მიეჯაჭვა.
აქედან იწყება მისი სიცოცხლის მეორე ნაწილი – ნაყოფიერი სამწერლო
კარიერა, რომელსაც საოცარი მისტიკური ცხოვრება ახლდა. რვა წლის მანძილზე,
1943-დან 1951-მდე მან 17 ტომი დაწერა, რომელთაგან ათს ერთნაირი სათაური
ჰქონდა – „პოემა ღმერთკაცზე“.
მარია ვალტორტა გარდაიცვალა 1961 წლის 12 ოქტომბერს.
თეოკრიტე – ბერძენი პოეტი. დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 315 წელს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ ძალზე მცირეა. მისი თქმით (იდილია 28),
იგი დაიბადა სირაკუზში, სიცილიაზე. ამის მიუხედავად, ტრადიცია მას კოსის
მკვიდრად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პტოლემეოს II-ის აღმზრდელის,
პოეტ ფილეტის მზრუნველობის ქვეშ იყო. მისი მეგობრობა კუნძულ კოსის მკვიდრ
ექიმ ნისიასთან და ადგილობრივი მითოლოგიის ღრმა ცოდნა ამ ტრადიციის
სასარგებლოდ მეტყველებს. იგი მიღებული იყო ალექსანდრიის კარზე, რასაც
ადასტურებს მისი იდილია 17, პტოლემეოს II-ის ქება. იდილია 16 კი მიუთითებს, რომ იგი მოგვიანებით ჰიერონ II სირაკუზელის კარზეც მიიღეს. მისი სიკვდილის თარიღი ჩვენთვის უცნობია.
თეოკრიტე ბერძნული იდილიური პოეზიის ფუძემდებლად ითვლება.
L’ÉPITAPHE DE LYSANDRE / ЭПИТАФИЯ ЛИСАНДРА
ლისანდრეს ეპიტაფია
ო, წამიერად, გამვლელო, შესდექ!
და დაუმშვენე სულ მცირე ხნით გვერდი ლისანდრეს.
ჯერ კიდევ გუშინ ის მშობელთა სინათლე და იმედი იყო,
დღეს კი მათ გულებს მწუხარების უფსკრული ხეთქავს.
და თუ ოდესმე კლეონი შეგხვდა,
უთხარ, კეთილო მეგობარო, გვედრი, უთხარი,
რომ მის ამბორთა მხურვალე ცეცხლი
ამ ჩემს გაყინულ სხეულსაც ათბობს.
შენიშვნები:
ლისანდრე – ბერძნული სახელი, ნიშნავს განმათავისუფლებელს. სიტყვებიდან: „ლიზის“ – „განთავისუფლება“ და „ანდროს“ – „ადამიანი“.
კლეონი – ბერძნული სიტყვიდან „კლეოს“, რაც „დიდებას“ ნიშნავს.
O NOTRE DAME DES OUBLIES ! / О БОЖЬЯ МАТЕРЬ ПОЗАБЫТЫХ!
ო, ღვთისმშობელო დავიწყებულთა!
ჩემს უსაყვარლეს დეიდას, მარია დე სირაკოვოს
„ის მხოლოდ მისი ბეჭდებით იცნეს“.
ოსკარ უაილდი
„დორიან გრეის პორტრეტი“
ო, რა დიდია ეს ჩემი გული!
და რა ვიწროა ეს ოთახი!
და რა ბევრია ამ ოთახში წიგნი,
აღსავსე ამქვეყნიური სიბრძნით და შუქით.
და რა ბევრია ამ წიგნებში სიტყვა და სიტყვა.
და რა ბევრია ამ წიგნებში
ჩიტების სტვენა,
იმ ჩიტებისა, ჩვენს სახელებს რომ ინახავენ.
იმ ჩიტებისა, რომელთა სული
ფანჯრებიდან შემოფრენილ შუქს ემატება.
აჰა, წიგნები! – მათში ჩემი მშობელი მხარის
ბაღ-ვენახები აყვავებულან.
ჩემი ხალხი, ჩემი ხეები, ჩემი ჩიტები,
დიდპატარანი –
უფერულიდან დაწყებული
ცისარტყელისებრ მრავალფერად ამღერებულნი
ამ წიგნებში აყვავებულან
ო, სულო ჩემო, გთხოვ, მიმიშვა ამ იდუმალი დღის ნაპირას,
ვით ნაზი სიტყვა ღამისმიერ სიმყუდროვეში!
ო, ღვთისმშობელო თვინიერთა,
უთქმელთა და დავიწყებულთა!
ღვთისმშობელო, მოწყალეო,
მოდი, აღბეჭდე შენი ამბორი
დამაშვრალთა ცივ სხეულებზე.
და მაზიარე საიდუმლოს ამ სამყაროს სიხარულების
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ
და აღმოსავლით დასავლეთისკენ.
შენ განწმინდე ჩემი ფიქრები და მომეც ძალა,
რომ აღვმართო მარადიული ჰარმონიის წმინდა ტაძარი
სუყველა სახლში, სადაც ჩემსავით თავს აფარებს
ყველა, ვინც იცის ხმიადის ფასი,
ყველა, ვინც იცის ოფლისა და ცრემლების ფასი.
შენ შეგვეწიე მეც და იმათაც,
რომ დაღლილობას ამქვეყნიურს
პურისა და ველურ მარწყვის გემო მიეცეს,
როგორც საზღაურს დამაშვრალთა
ძალისხმევისთვის
ამ ცხოვრების აუტანელ სისასტიკეში.
ფლერინის მამული, შაბათი, 21 აპრილი, Anno Domini XXVI
VOX CORDIS / ГОЛОС СЕРДЦА
VOX CORDIS
მარკიზა დე რამბუიეს
მე ეს ლექსი თქვენთვის მინდა, მშვენიერო მარკიზა,
თითქოს თქვენი თვალებია, არის ისე ნათელი,
თქვენზე ფიქრში დაღალული, თქვენზე ღამენათევი,
ეს ოცნება თქვენ გეძღვნებათ, მშვენიერო მარკიზა!
შენიშვნები:
Vox cordis – „გულის ხმა“ (ლათინური გამოთქმა).
მარკიზა დე რამბუიე (1588–1665): წარმოშობით იტალიელი კატრინ დე
ვივონი ესპანეთის ელჩის, პიზანის მარკიზის ჟან დე ვივონის ქალიშვილი იყო.
მას ეკუთვნოდა პარიზის პირველი სახელგანთქმული სალონი, რომელიც ლუვრის
შენობამ შეიწირა. მარკიზა რამბუიეს სალონმა დიდი გავლენა იქონია იმ
პერიოდის ფრანგულ ლიტერატურასა და ენაზე. მოლიერმა ამ სალონის მუდმივ
სტუმრებს დასცინა თავის პიესაში „სასაცილო პრანჭიები“. პრანჭიებმა
მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ფრანგული ლექსიკის განვითარებაში.
მარკიზას დე რამბუიეს სალონში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ქალები,
მაშინ, როცა სხვა სალონებში ძირითადად მხოლოდ მამაკაცები დაიარებოდნენ.
ამისათვის მარკიზამ შექმნა ესკადრონი კარგი წარმომავლების ქალიშვილებისა,
რომლებიც თავისი სილამაზითა და გონიერებით ამშვენებდნენ სალონს. ერთ-ერთი
მათგანი, მისი ქალიშვილი ჟიული დ’არჟენი სალონის სტუმარ პოეტთა შთაგონების
წყაროდ იქცა; იქამდე, რომ მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, ვუტიური, 50 წლის
ასაკში მის გამო დუელშიც კი გავიდა.
L’ARDENT DÉSIR, CHLOÉ / ЖГУЧЕЕ ЖЕЛАНЬЕ, ХЛОЯ
მწველი სურვილი, ქლოე
„სინაზისგან და სიყვარულისგან დაგმძიმებიათ ქუთუთოები“.
პოლ ლე სილიანსიერი
მწველი სურვილისაგან ტანი მითრთის, ქლოე,
კვიპაროსის ბრალია, გაზაფხულის სუნთქვის,
მაგ თვალების ფირუზი, საფირონი სულთქმის
ციური სილამაზის ცეცხლში მიმაქროლებს.
რუეი-მალმეზონი, ორშაბათი, 7 აპრილი, Anno Domini XXVIII
შენიშვნა:
პოლ ლე სილიანსიერი (VI საუკუნე): ბიზანტიელი პოეტი, მაღალ
მოხელეთა წრიდან გამოსული და დიდი ქონების მემკვიდრე. სახელი დაერქვა იმის
გამო, რომ იყო სოლიანსიერი ანუ მდივანი იმპერატორ იუსტინიანესი. მის კალამს
ეკუთვნის „აია სოფიას აღწერა“, 1029 ლექსისაგან შემდგარი პოემა და „პითიის
აბანოთა აღწერა“, აგრეთვე 89 ეპიგრამა – გრაციოზული თუ ვნებიანი, მანერული
თუ სახალისო.
OH, QU’ATTENDONS-NOUS ? / АХ, НУ ЧЕГО Ж МЫ ЖДЁМ?
მაშ, რაღას ველოდებით?
გიორგი ტოლსტოის
„ოდეს ვიქცევი იგავად სამკურნალო ბალახთა შემგროვებლისა“.
ჟიუდ სტეფანი
თქვენი სიტყვები, ნათელი, ვით მაისის დილა,
თითქოსდა სინჯავთ აბრეშუმს ხელით,
დღე გაზაფხულის მღელვარებით, თავადო, გელით,
მართალი სული არემარეს ანათებს თბილად.
თქვენი სიტყვებით – დრო ქცეულა უსასრულობად,
განვლილი წლები გადავშალოთ ფურცელ და ფურცელ.
პარიზი, 25 იანვარი, 2009
ამ ლექსს ვუძღვნი ახალგაზრდა სანკტ-პეტერბურგელ ფოტორგაფს გიორგი ტოლსტოის
შენიშვნა:
ჟიუდ სტეფანი – ჟაკ დიუფური (დაიბადა 1930 წლის 1
ივლისს). პოეტი, ნოველისტი, მორალისტი. მრავალი წიგნის ავტორი. მიიღო
განათლება სამართლის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის სფეროებში. ბერნეის
ლიცეუმში ასწავლიდა ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს. ცხოვრობდა ორბეკში.
პოეზია მასთან სიტყვებისა და ენების გემოს შეგრძნებით მივიდა.
ბერტრანისადმი მიწერილ ბარათში ამბობს, რომ იგი წერს „მხოლოდ იმიტომ, რომ
არ მოკვდეს დამუწული პირით“. და ამატებს, რომ „იმედი აქვს, არ მოესწრება
XXI საუკუნეს, როცა ლიტერატურა დაეცემა და ადგილს გამოსახულებას დაუთმობს“.
1985 წელს ჟიუდ სტეფანმა მაქს ჟაკობის პრემია მიიღო, 2000-ში კი – ქალაქ
პარიზის პრემია პოეზიაში.
LES TEMPS ORDINAL / ПОРЯДКОВОЕ ВРЕМЯ
ორდინალური დრო
აბდულ ქაზიმ ჰასან იბნ აჰმად უნსური ბალხს
„დე, იქცეს ფერფლად, რაც ღირსია გაცამტვერების“.
რაბინდრანათ თაგორი
მის სულს ფლეიტა ბალახების ავსებს მუსიკით,
ცისფერ ფიალას აირეკლავს თვალების ჩერო,
ბაგეთ სურნელი, სხვა რა დაგვრჩა, ბატონო ჩემო,
დაუწერელი ასოების კითხვა უსიტყვოდ?
რუეი-მალმეზონი, 8 ივნისი, 2008
შენიშვნა:
აბდულ ქაზიმ ჰასან იბნ აჰმად უნსური ბალხი (დაახლოებით 968-1050
წწ) – ერთ-ერთი უდიდესი სპარსელი პოეტი. ინფორმაცია მისი ახალგაზრდობის
შესახებ არ მოგვეპოვება. სულთან მაჰმუდის მმართველობის დასაწყისში
(დაახლოებით 1008 წელს) სულთნის უმრწემესმა ძმამ, ამირ ნასრ იბნ ნასირ
ალ-ვაკარმა უნსური სულთნის კარზე წარადგინა, რის შემდეგაც უნსური სულთნის
ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობრად იქცა. იგი ყველაზე სასურველი პოეტი იყო ორი
სულთნის – მაჰმუდისა (1008-1030) და მისი შვილის მასუდის (1030-1041)
კარზე. ამბობენ, რომ უნსურის დივანი (ლექსთა კრებული) 30 000 ლექსისგან
შედგებოდა. მათგან ჩვენამდე მხოლოდ 2500 ბაიათია მოღწეული.
mardi 28 janvier 2014
Inscription à :
Publier les commentaires (Atom)
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire