vendredi 8 novembre 2013

17 poèmes en géorgien



17 poèmes traduits en géorgien par le poète Paata Natsvishvili (Tbilisi)

ატანას  ვანჩევ  დე  ტრასი


თარგმანი პაატა ნაცვლიშვილისა


LA VIE S’AVANCE / А ЖИЗНЬ ИДЁТ


ცხოვრება გადის

ცხოვრება გადის! მხოლოდ შენ ხარ სინათლის სხივი –
ხსოვნის მადანი გაუკაწრავს თითქოს სატევარს,
ერთსღა გთხოვ ახლა – დაბინდულის ფერებით ცივით,
მაგ შენს თვალებში, ამ ჭაღარა სევდის ჩატევას.

ცოტა სიკვდილიც! ჰოლდერლინი გაბრუნებს უკან.
სიჩუმის ხმები ბოდვის ბორკილს ვერ გაუძლებენ.
მოგონებანი სარეცელზე ტყვეობას სწუხან,
სულის ძახილი გადიქცევა წიგნის ფურცლებად.


Deux quatrains / два четверостишия


ორი კატრანი
I.

ო, მიყვარს, მიყვარს, ქალბატონო, მე ეგ თვალები,
და დაჭრილი ვარ ლაჟვარჟდოვან მათი ისრებით,
მე მაგ თვალების სიღრმეს ვერსად დავემალები,
ვით ბედისწერას და შთანმთქავენ და მოვისრები.


II.

ეს ხიდი, ჩვენ რომ გვაერთებს და თანაც გვაშორებს,
დროის უფსკრულზე სიტყვად არის გადადებული,
ო, ქალბატონო, სულის ძაფებს ჩვენს თვალთა შორის
ხიდი დაუწნავთ გულითადი და დიდებული.


PALMYRE / ПАЛЬМИРА

პალმირა

მიყვარხარ! სიტყვებს სევდა ავსებს, ვით განშორება,
გულს შორეული ჭორომების ნიშანი აზის.
მიყვარხარ! შენი ნიავი და შრიალი ნაზი
ჭიჭინობელთა საღამოს ბინდს მიეშურება.

მიყვარხარ, როცა განთიადი აანთებს თვალებს,
ააწამწამებს მათ სიღრმეში უსასრულობას.
ცრემლთა ნაკადი და ამინდის უსუსურობა,
შენი სინათლე, შენი სუნთქვა თავბრუს დამახვევს.

მიყვარხარ! ძილი დაუკარგავთ ღამის ზმანებებს,
მოგონებათა ქარავანი თავს არ მანებებს,
ლამის წამლეკა წყლის ძალით და ზახილის ძალით!

ჩემი პალმირის შენ განახვნე კარნი მარმაში,
აღმოთქვი ღამე, დიდებული მეფურის ძილით,
ცეცხლის სიმღერა ჩააქსოვე სისხლის ქარვაში.



ÉVANESCENCE / мимолЁтность

წარმავალობა
ტოდს

ზღვა, ბრიზი, ზეცა ოქროცურვილი, სრულქმნილი წიგნი,
ანგელოზური შენი ღიმილი ანათებს მარად,
მზით შემოსილხარ, აყვავებულხარ გარეთ თუ შიგნით,
უტყვია გული, წაუკითხავი პოემის დარად.


REPos / ПОКОЙ

განსვენება

კვიპაროსებში ვიღაცა მღერის
და ხმაა მისი თითქოს ის ნავი,
მეორე ნაპირს ცხოვრებისას
რომ მიგაყენებს!





Ô LUNE, QUI VOYAGES / О, ТЫ, ЛУНА


მოგზაურ მთვარეს


მთვარე, რომელიც აყვავებულს დაივლის ბაღებს,
მთვარე, რომელიც ხეთა სულის ცხრაკლიტულს აღებს,
მთვარე, რომელიც მიდი-მოდის ეთერთან ერთად,
ვარსკვლავთ ციმციმით, გვავსებს ყველას, წყალობით ღმერთთა.

იდუმალია შორეული ზღვა, როგორც თასი,
რომელსაც ქართა ვერცხლისფერი ჩურჩული ავსებს,
მათთვის, ვინც ფასი სილამაზის იცის და იცის...

ვით მოწყალების და ქსენონში მთვარეულს უვლის,
ისე გევლება თავს დაღლილი სიმღერა სულის,
ისე გიყუჩებს ყველა ტკივილს ცისა და მიწის.



LES NERFS CRAMOISIS DES JOURS / Багровые нервы дней

დღეთა მეწამული ნერვები

ფაბრის კუპშუს

„და თუ სიკვდილი სიტყვაა მხოლოდ?“
რენე კრეველი

I.
ამ ხმათა შუქი
უნდა მოვფინო შუადღისას
ჩუმი ხალიჩის ნატიფ სითეთრეს
და ვერხვების ვერცხლისფერ ფოთლებს!..

ამ ხმათა ჯადო, თითქოს სისხლად დასდენია
ფურცელს, რომელზეც პოემა უნდა დაიბადოს
აბრეშუმის სიტყვებისაგან!

II.
მერე შორიდან ლაჟვარდით და სინათლით მთვრალი
ჭიჭინობელთა მოვარდება
ანაზდად გუნდი
და სურნელოვან თავის ჭრიჭინით
აახმაურებს ევკალიპტების კენწეროებს
და აამღვრებს სხივმოსილი დღის მყუდროებას.
სწორედ მაშინ სურვილის თაფლი
უბიწო ყმაწვილთ ჩაეღვრებათ უმწიკვლო სულში
და დაუსუსხავს მათ სხეულთა მარმარილოებს.

ღმერთებისადმი აღვლენილი ამ ჰიმნით სავსე
მზე შეანელებს მცხუნვარე ნაბიჯს,
რომ დაიბანოს პირი ბამბუკების ოქროსფერ ჩრდილში,
სადაც ნიავის სულ-სულ მცირე წამოქროლვაზე
უთვალავი, უმწეო მწერი
ყურს უგდებს როგორ იზრდება
ირგვლივ უთვალავი ბალახი ღერო.

ხოლო ჩიტთა ბუდეები,
მზით მონანავე,
ცად მიიწევენ
ხეთა კვალდაკვალ.


III.
ო, მეგობარო,
ყოველწამიერ თუნდაც სულ მცირე ჩვენი ნაწილი
წიკწიკ-წიკწიკით იმარხება
დროის უფსკრულში!

და უსახელო წლებს და
სიტყვებს და
ღიმილებს
ერთ საღამოს
უბრალო ქვა
ქვეშ მოიქცევს საბოლოო თავის სიმძიმით!

IV.
გვედრი, პოემავ,
დარჩი ჩემს გვერდით,
როგორც საფლავის გარდუვალობა,
აყვავებულის, დაუვიწყარის!

მარქვი, პოემავ,
მაიძულე დავიჯერო, რომ
ღვთაებრივი უსასრულობა ჩვენი ოცნების
მიწყივ აავსებს იდუმალ არსით
მშვიდ სიცხადეს სადაგ სიტყვათა,
რომ სამუდამოდ
ბედნიერნი ვიქნებით ჩვენი
სიზმრისეული, წარმავალი ბედნიერებით.

შენიშვნა:

რენე კრეველი (1900–1935). ფრანგი სიურეალისტი მწერალი და პოეტი. დაიბადა პარიზულ ბურჟუაზიულ ოჯახში. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და სამართლის ფაკულტეტზე. 14 წლის იყო, როცა მამამისმა თავი მოიკლა. ამ მოვლენამ მძიმე კვალი დატოვა მთელ მის ცხოვრებაზე.

სამხედრო სამსახურისას მოხვდა ლიტერატურულ წრეში. მაშინ შეხვდა როჟე ვიტრაკს (1899-1952) და მაქს მორისს (1900-1966) და შეუერთდა სიურეალისტებს. 1922 წელს სათავეში ჩაუდგა ჰიპნოზითა და პრაქტიკული სპირიტიზმით გატაცებულ ადამიანთა ჯგუფს. კრეველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანდრე ბრეტონზე თავისი მჭევრმეტყველებით, იმდენად, რომ იგი დიდხანს ნანობდა, რომ იმ სეანსების დაფიქსირება შეუძლებელი აღმოჩნდა: „ჩვენ დაგვრჩებოდა ფასდაუდებელი დოკუმენტი, რაღაც კრეველის მგრძნობელობის სპექტრის მაგვარი“.

1925 წლის ოქტომბერში კრეველი მოძრაობიდან გარიცხეს და მან ტრისტან ცარა (1896-1963) და დადაისტები ამჯობინა. 1929 წელს ლევ ტროცკის (1879-1940) საბჭოთა კავშირიდან განდევნამ იგი სიურეალისტებთან დააბრუნა. ანდრე ბრეტონის კვალდაკვალ, იგი შეეცადა სიურეალიზმისა და კომუნიზმის დაახლოებას. 1927 წელს შევიდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში, საიდანაც 1933 წელს გარიცხეს.

მან ბევრი გააკეთა 1935 წელს კულტურის დასაცავად მწერალთა საერთაშორისო კონგრესის ორგანიზაციისათვის, რომელშიც შევიდა სიურეალისტთა ჯგუფი ბრეტონის მეთაურობით. მაგრამ შემდგომში, ბრეტონსა და რუს მწერალ ილია ერენბურგს (1891-1963) შორის მომხდარი უთანხმოების შედეგად საბჭოთა დელეგაციამ ფრანგი პოეტის კონგრესიდან გარიცხვას მიაღწია. გაოგნებულმა კრევერმა, რომელსაც საერთაშორისო კონგრესი სიურეალისტების გარეშე ვერ წარმოედგინა, თავადაც დატოვა ორგანიზაცია. ამ დროს მან შეიტყო, რომ თირკმლების ტუბერკულოზი სჭირდა. მეორე დღეს მან გაზით მოიწამლა თავი.




LE CHRIST DU MONTPARNASSE / Христос с Монпарнаса

მონპარნასის ქრისტე

(ხილვები მორის ლე სკუეზეკის ნახატის წინ)

„შენ მთხოვე, თოვლით რომ გამევსო ბოლო ფიალა,
ფიალა, რომელს ეწოდება რძისგზა სახელად“.
კენჯი მიიაძავა
სახელოსნოს ყრუ სიჩუმეში
ის ყურს უგდებდა
საკუთარი სულის სიჩუმეს.

და ხვდებოდა, რომ
ყველა ცდება,
ვინც წარმოიდგენს, რომ
ბრძანდება საკუთარი ბედის ბატონი!

ადგა, აიღო რუხი ქაღალდი
და მარტოობით გაძეძგილი თავის ოცნება
ფერად ხილვებად განასხეულა.

სურათის ცენტრში აღმართა ჯვარი
და რწმენით სავსე ხელით,
რომელიც
გამოფიტულ სხეულს გაექცა,
ქრისტეს შიშველი ფიგურა შექმნა,
მიგდებული და მინებებული
მწუხარე ღამის სასტიკ მარწუხებს.

ხოლო მხსნელის  სხეულის ირგვლივ,
სადაც ჰაერი სავსე იყო უსასრულობით,
მან დახატა წრედ მორკალული
მიწიერი და ბიწიერი
და დაბნეული გუნდი მეძავთა.

ერთნი – შიშველნი,
რომელთ კბილით ეჭირათ სული,
გაწამებული აჩრდილებივით იკრუნჩხებოდნენ
გარიყულობის მღვრიე მორევში,
მეორენი კი – ვნებისაღმძვრელად
დაფარულნი აქა-იქ ფლასით,
დაფეხვილები დაფერხულობდნენ
საკუთარი განწირულობის შეგნების ტყვენი.

და მერე, თითქოს იყო ბოდვაში,
ოღრაშთა ხროვა დახატა იქვე
და კლიენტებიც გამოუჩინა.

იყო ვაჭრობა ცოცხალი ხორცით,
გულისამრევი ქაოსის უფსკრულს
ვნებააშლილი აჩრდილების
მუგუზლები მიმატებოდა!

დასუსტებული მწუხარებით
იგი იჯდა დროის პარმაღზე
დრო კი ამაოდ მოსთქვამდა
თავის უბრალოებას და თავის სიღრმეს!

დიდხანს ისმენდა გაუგონარს,
რისი მოსმენაც ყურებს არ სურდათ,
რა შეახორცებს იარებს მკვდრისას!
და რომ ეშველა რამე თავისთვის
ჯვარცმულ იესოს მიაშტერდა დაბეჯითებით.

და უცებ იგრძნო, რომ
შიგნიდან თითქოს განათდა,
რომ მოიცვა იგი სინაზემ, რომელიც
ყველას გვეუფლება,
როცა ვხედავთ რასმე უხილავს
და გარდასულზე ფიქრი შეგვიპყრობს!

და მოაშორა მზერა
და მერე ათრთოლებული ხელით
სურათის ქვემოთ
ხელმოწერა დასვა თავისი.

პარიზი, 23 ივლისი, 2008
შენიშვნები:

მორის ლე სკუეზეკი (1881-1940) – ფრანგი მხატვარი, წარმოშობით ბრეტონელი. დაიბადა სარტში, გარდაიცვალა დუარმენეზეში. ახალგაზრდობაში საზღვაო საქმის შესასწავლად ლოცმანს დაემოწაფა დიდ იალქნიან ხომალდზე. იყო ჯარისკაცი, მოგზაური, ავანტურისტი. სკუეზეკის ნამუშევრები დიდი გამომსახველობით გამოირჩევა. მისმა „მონპარნასის ქრისტემ“  მთლიანად შემძრა. მე ვიგრძენი ძლიერი რწმენა, რომელიც წარმართავდა ხელს მხატვრისას, რომლის გულიც სავსე იყო თანალმობით.

კენჯი მიიაძავა 宮沢 賢治 (1896-1933) – იაპონელი პოეტი და საბავშვო ზღაპრების ავტორი. დაიბადა შეძლებულ ვაჭართა ოჯახში. 18 წლის ასაკში გაეცნო ლოტოსის სუტრას და ნიშირენის ბუდისტური სკოლის მხურვალე თაყვანისმცემლად იქცა. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა ტუბერკულოზით 37 წლის ასაკში. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ახალი პოეტური ლექსიკონის შექმნა, სიტყვათქმნადობა მარტივი და რიტმული ენის მისი მშობლიური რაიონის ივატას დიალექტთან, აგრეთვე სამეცნიერო და ბუდისტთა სპეციფიკურ ტერმინებთან შერწყმით. ეს სტილი დამახასიათებელია როგორც მისი პოეზიისათვის, ისე მისი ზღაპრებისათვის.
ლოტოსის სუტრა ანუ შეუდარებელი დარმის თეთრი ლოტოსის სუტრა ძალზე გავრცელებულია სუტრაა მაჰაიანა-ბუდიზმში. იგი საფუძვლად უდევს ტიენდაის ანუ ტიანტაის და ნიშირენის ბუდისტურ სკოლებს. მისი ტექსტი პირველად ბუდას გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ გამოჩნდა.

სუტრა ან სუტრები ეწოდება ტექსტებს, რომლებშიც ბუდას სხვადასხვა სიტყვა და სწავლებაა მოცემული. სუტრები გაერთიანებულია ეგრეთწოდებულ სუტა-პიტაკებში – სუტრების კალათებში.

დარმა შინაგანი მეთოდიკაა, ნებისმიერი ტანჯვისა და მისი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ.

ზენიკი-მარო (善日麿), ნიშირენად (日蓮) წოდებული – ფუძემდებელია ნიშირენ-ბუდიზმისა, რომელსაც „ლოტოსის სკოლასაც“ უწოდებენ. დაიბადა 1222 წელს იაპონიაში, მეთევზეთა დასახლება კომინატოში, თანამედროვე შიბას პრეფექტურაში. 12 წლისა წავიდა ბუდისტურ ტაძარ სეიჩოჯიში, რათა ესწავლა სენსეი დოზენ-ბოს ხელმძღვანელობით. 16 წლისამ მიიღო ტენდაის ბერული ხარისხი და სახელად ზეშო-ბო რენჩო დაირქვა. მისი ოცნება იყო, გამხდარიყო იაპონიის უპირველესი სწავლული.

ბერ საიჩოს მიერ 805 წელს დაარსებული ტენდაის სკოლა წარმოადგენს ფორმას, რომელიც მიიღო იაპონიაში მაჰაიანა-ბუდიზმის ჩინურმა სკოლამ ტიანტაი, რომელიც სუის დინასტიის წარმომადგენელმა, ჟივიმ (538-597) დააფუძნა. იგი იმთავითვე იაპონური ბუდიზმის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

მაჰაიანა სანსკრიტული ტერმინია და „დიდ ოთხთვალას“ ნიშნავს. მაჰაიანა-ბუდიზმი ქრისტიანული ერის დასაწყისში გაჩნდა ინდოეთის ჩრდილოეთში, ქუშანის იმპერიაში, საიდანაც იგი სწრაფად გავრცელდა ტარიმას (მდინარე ჩინეთში, რომლის სიგრძე 2030 კილომეტრია) აუზში ჩინეთში, ხოლო აქედან მთელ შორეულ აღმოსავლეთში. ვაჯრაიანა – მისი ტანტრული ფორმა ინდოეთში IV საუკუნისთვის გაჩნდა. აქედან იგი VII-VIII საუკუნეებში გავრცელდა ჯერ ტიბეტში, მერე მონღოლეთში, ბოლოს კი ჩინეთის გავლით, სადაც მან უმნიშვნელო კვალი დატოვა, – კორეასა და იაპონიაში.

ქუშანის იმპერია – სახელმწიფო, რომელიც თავისი გაფურჩქვნის პერიოდში, 105-250 წლებში გადაჭიმული იყო ტაჯიკეთიდან კასპიის ზღვამდე, ავღანეთამდე და განგის დაბლობამდე სამხრეთით. იმპერია შექმნეს ქუშანებმა, იუჯების მომთაბარე ტომის წარმომადგენლებმა, რომლებიც, შესაძლოა, ტაჯიკების მონათესავენი იყვნენ. ქუშანებს დიპლომატიური კონტაქტები ჰქონდათ რომთან, სასანიდურ სპარსეთთან, ჩინეთთან და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის კავშირურთიერთობათა ცენტრში იყვნენ.

LA STÈLE OBSIDIENNE DE DÉCÉBALE, ROI DES DACES /
Обсидиановая стела Децебала, короля даков

ობსიდიანის სტელა დეცებალის, დაკთა მეფისა

«Haec locutus sum vobis, ut, cum venerit hora eorum,
reminiscamini quia ego dixi vobis»

(მე ეს გითხარით იმიტომ, რომ როს მოვა ჟამი,
თქვენ გაიხსენოთ, რომ მე გითხარით)
ჰიმნი

წვიმის წვეთებო, წვიმის ცრემლებო,
გამჭვირვალენო, როგორც დილა მეზიის მთებში,
ჩაიხუტეთ მეფის ეს სტელა
და ჩამორეცხეთ სისხლიანი ბრძოლების კვალი!
დე, აელვარდეს წარწერა ქვაზე
გამარჯვებების მწარე თაფლით
გამოკვეთილი.
გაახვიეთ ამაყი სტელა
აყვავებული ვარდის ფარდაში,
და ზაფხულის ცას
გამოაკარით მოგონებათა მისთა სარჩული!

ფერდობი, წვიმის ძუძუნაწოვი,
ეშვება თავქვე ოქროსფერი ყანის მკლავებში.
წვიმის წვეთებო, გადაუარეთ დილის მდინარედ
მამაც მეომრებს, მიძინებულს დაფნების ჩრდილში.
და მხურვალე გულს მარადიულ თრაკიელისას,
ვინც თავდახრილი და მუხლმოყრილი
დაწაფებია უკვდავებით სავსე ფიალას!

ვარსკვლავებო – წვიმის წვეთებო,
წინ წარუძეხით უსახელო გმირთა სახელებს
და აღაყვავეთ მათ საფლავებზე
უკვდავების უწყვეტი ჯაჭვი,
ვითარც სიმბოლო მარადიული ერთიანობის
და ერთგულების!

და შენც, სინათლის დიდო ვარსკვლავო,
რომელს გიხმობენ ალდებარანად,
თავს დაადექ და დარაჯად ექმენ
მამაც მეომრებს, რომელთ სძინავთ ტიტანურ ძილით
ჭიჭინობელთა მოძახილით სავსე მინდორში!

პარიზი, 4 ივნისი 2008


შენიშვნები:

დეცებალი, დეცებალუსი (ლათინურად) – დაკიის მეფე 87-106 წლებში.  დიდი მეფის, ბურებისტას სიკვდილის შემდეგ დაკია ოთხ თუ ხუთ პატარა სახელმწიფოდ დაიყო. და ეს გაგრძელდა, სანამ ვინმე დიურპანეუსმა დაკიის დედაქალაქი, დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარე სარმიზეგეტუზა არ გაამაგრა. მან გარდაქმნა დაკიის არმია და 85 წელს დაკებმა დაიწყეს თავდასხმები რომის პროვინციაზე, მეზიაზე (დღევანდელი ჩრდილოეთ ბულგარეთი), დუნაის სამხრეთით. დაკები თრაკიელები იყვნენ. 87 წელს რომის იმპერატორმა დომიციანემ გადაწყვიტა დაკების დასამორჩილებლად თავისი პრეფექტი კორნელიუს ფუსკი გაეგზავნა ოთხი თუ ხუთი ლეგიონით. რომაელთა ორი ლეგიონი (მათ შორის ალაუდის V ლეგიონი) ტაპეში (დღევანდელ ბუკოვასთან ახლოს) ალყაში მოაქციეს და მთლიანად გაანადგურდეს, თავად კორნელიუს ფუსკი კი მოკლეს. ამის შემდეგ დიურპანეუსმა სახელი შეიცვალა და დეცებალი დაირქვა.

88 წელს ტაპესთან განადგურდა მეორე რომაული არმიაც ტეტიუს იულიანეს სარდლობით. იმის გამო, რომ გერმანელთა აჯანყებები რაინზე მეზიაში სამხედრო ჩარევას მოითხოვდა, რომაელები იძულებული იყვნენ დიდძალი ხარკი ეხადათ დაკებისთვის, რათა ამ რეგიონში მშვიდობა შეენარჩუნებინათ. რომაელთათვის ეს დამამცირებელი მდგომარეობა 98 წლამდე, იმპერატორ ტრაიანეს ტახტზე ასვლამდე გაგრძელდა. მან დაუყოვნებლივ განახორციელა რამდენიმე სამხედრო კამპანია, რომელთა შედეგად რომის იმპერიის საზღვრები მაქსიმალურად გაფართოვდა. რომაელებმა დეცებალი 101 წელს გაანადგურეს ტაპესთან გამართულ ბრძოლაში, მაგრამ შეუნარჩუნეს მას მეფის ტიტული რომის პროტექტორატის ქვეშ. მაგრამ სამი წლის შემდეგ დეცებალმა კვლავ დაამარცხა რომაელები დაკიაში და აიძულა ისინი, დამხმარე ძალები გამოეგზავნათ.

სარმიზეგეტუზის ხანგრძლივი ალყის და სასტიკი ბძოლის შემდეგ რომაელებმა საბოლოოდ დაიპყრეს დაკია. ისტორიკოს დიონ კასიუსის ცნობით, დეცებალმა ამ დამარცხების შემდეგ თავი მოიკრა, რომ ტყვეობა აეცილებინა თავიდან.

სტელა – (ბერძნ.) „აღმართული ქვა“. როგორც წესი, ბრტყელი, წარწერიანი მონოლითური მონუმენტი, სამგლოვიანო, რელიგიური ან გეოგრაფიული ხასიათის წარწერებით.

ობსიდიანი – (ლათ.) მინისმაგვარი ვულკანური ქანი სილიციუმის მდიდარი შემცველობით. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოდგება რომაელი ობსიის სახელიდან, რომელმაც პირველმა მიაქცია ამ ქანს ყურადღება ეთიოპიაში.

ალდებარანი (α Tauri) – კუროს თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, სიკაშკაშის მიხედვით მე-13 ვარსკვლავი ღამის ცაზე. სახელწოდება წარმოდგება არაბული ალ დაბარანიდან, რაც „თანამდევს“ ნიშნავს და მიუთითებს, რომ ეს ვარსკვლავი ღამის ცაზე პლეადებს მისდევს.
EPIGRAPHE / ЭПИГРАФ
(Les Lys de la Vallée) / (Лилии долины)


ეპიგრაფი

(შროშანნი ღელეთა)


აქ ატანასი განისვენებს. გამვლელო, შესდექ!
ღელეთ შროშანთა სამარეში დაუფლავთ იგი
დილის ცვარ-ნამის სუდარაში გამოწყობილი.
ხოლო ცხოვრება მისი იყო ერთი პოემა
და პოემად დარჩება კიდეც უკუნისამდე!

პარიზი, 2008 წლის 2 მაისი


შენიშვნა:

ფრანგული სიტყვა Linceul მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან linteolum – „თეთრეული“ , რომელიც თავის მხრივ წარმომდგარია სიტყვისგან  linteum – „სელის ტილო“. მისი სინონიმია „სუდარა“, მომდინარე ლათინური სიტყვიდან sudarium – „ოფლსახოცი“. ყველაზე ძვირფასი სუდარაა წმინდა სუდარა, რომელშიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული.

MUGUETS / ЛАНДЫШИ



შროშანები

ნორტონ ჰოჯესს


გარდამოფენილს მაგიდას სუფრას
შროშანათა ზარები შვენის.

გარეთ ჩიტი დღის მდუმარებას
სულში ჩამწვდომი სიმღერით ავსებს.

სიმშვიდით ვტკბები
და ვიხსენებ ყველას,
ვინც კი მეძვირფასება.



LA LANGUE ÉBLOUISSANTE / ВЕРСАЛЬ


ვერსალი

გვიყვარდა ვერსალი მეჯლისთა ნატიფთა,
ნართაულ ნათქვამთა ელვარე სიტყვები,
სიცილთა შრიალი, ღიმილთ სიტკბოება,
ფარჩებში ჩაფლული ვნებანი რაყიფთა!



DEUIL / ТРАУР


გლოვა

ტანგის

"Doxa to theo panton eneken"
(„ვადიდოთ უფალი ყველაფერში“)
წმინდა იოანე ოქროპირი

აწ განისვენებს
აქ ატანასი!

გუშინ დავკრძალეთ იგი აქ და
დიდხანს ვტიროდით უნუგეშონი!

ის იყო ჩვენი სიხარული
და იყო შაშვი ის მგალობელი!

უცნობი ვინმე მეგობარი
ღრუბელივით მსუბუქ ნაბიჯით
თეთრი ვარდების დასარგავად ეახლა საფლავს!

სახეს ფარავდა, ხმას არ იღებდა,
მხოლოდ წარწერა დატოვა ქვაზე:

„თვისტომი ჩვენი შემოგვემატა,
ჩვენ ხომ ეს ასე ძლიერ გვინდოდა!“

და მიაწერა თავის სახელი
ვითარცა აღთქმა:

„ანგელოზი“

და მიახატა ერთი ციცქნა ლურჯი ყვავილი
ძალიან ნაზი, გულის ფორმისა!

გლოვისაა ეს ღამე ჩვენთვის!
ო, ივლისის ვარსკვლავთა წვიმავ,
დაგვისველე სახეები დამწუხრებული!

ვით გამოვხატოთ,
რა სევდით გვაქვს სულები სავსე?

ო, გლოვის ღამევ,
რა უნდა ვთქვათ ასეთ ღამეში!

პარიზი, 16 ივლისი 2008


შენიშვნები:

ტანგი – სახელი. კელტურიდან: „ტან“ – „ცეცხლი“ და „გი“ – „ძაღლი“. ზოგიერთი მტკიცებით, „კერიის მცველს“ ნიშნავს. ტანგის წმინდა მფარველად ითვლება ბრეტონელი ბერი, რომელიც სოფელს თავსდატეხილი საშინელი ტრაგედიის შემდეგ განერიდა: დედინაცვლის მიერ მოტყუებულმა მან საკუთარი და მოკლა. IX საუკუნის დასაწყისში მან დააარსა ფინისტერის მონასტერი წმინდა მათეს კონცხზე.

წმინდა იოანე ქრიზოსტომოსი (ოქროპირი). ეკლესიის ეს მამა დაიბადა 344 და 354 წლებს შორის ანტიოქიაში და გარდაიცვალა 407 წელს კამანში, ევქსინის პონტის  (შავი ზღვის) ნაპირზე. იგი კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი იყო.





L’Épitaphe d’Andronikos / Эпитафия Андроникосу


ანდრონიკოსის ეპიტაფია

მიდი, გამვლელო, და უამბე
ვინაც ოდესღაც ასე მიყვარდა,
რომ ახლა ბინა იებში მიდევს
და ჩემს ბაგეებს ალერსად ახსოვთ
სახელთა მათთა ნაიარევი.

პარიზი, სამშაბათი, 5 თებერვალი 2008



LYS ET ROSES DES CIEUX / ЛИЛИИ И РОЗЫ НЕБЕС


შროშანები და ვარდნი ციურნი

ბიძაჩემ ალექსანდრეს

„რადგან მებოძა წოდება ადამიანისა ჩემივე თავის სამახსოვროდ“
ხოსე ანხელ ვალენტე

ჩვენს ძვირფას მკვდართა აჩრდილები, როგორც აფრები
ოკეანის კრისტალურად სუფთა წყალს მიაქვს
და ეგებება მათ ვაებით ვეება ღამე,
ვარსკვლავთა გულში სამუდამოდ ჩასახუტებლად.

პარიზს, პარასკევს, 2 მაისს, ქრისტეს აქეთ MMVIII



უფალო, მიიბარე შენი მოწყალე გულით შროშანისებრი სული ჩემი საყვარელი ბიძის ალექსანდრესი, გარდაცვლილისა 20 წლის ასაკში. მამაჩემს, ნიკოლაი ვანჩევ დე ტრასის ორი ძმა ჰყავდა: უფროსი მიხაილი და უმცროსი ალექსანდრე. ალექსანდრეს ცხოვრება ტრაგიკულად დამთავრდა.

შენიშვნა:

ჟოზე ანჟელ ვალენტე (ორანსი, გალიცია 1929 – ჟენევა 2000) – ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოეტი. მას შემდეგ, რაც მიიღო დიპლომი რომანულ ფილოსოფიაში, ხოსე ანხელ ვალენტე რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1958-დან 1980 წლამდე ცხოვრობდა ჟენევაში. ბოლო წლები გაატარა ამერიკაში, ჟენევასა და პარიზში. მისი ლექსების პირველი კრებული ადონაისის პრემიით აღინიშნა 1955 წელს. 1994 წელს მიიღო პოეზიის ნაციონალური პრემია.



CETTE NUIT JE NE PEUX PAS DORMIR / В эту ночь я не могу спать


მე ამ ღამით ვერ დავიძინებ

დალიბორს

„თრობა ხარ ჩემი,
მე ვეღარასდროს გამოვფხიზლდები,
მე არ ძალმიძს გამოფხიზლება,
მე არ მინდა გამოფხიზლება.“
ნაზიმ ჰიქმეთი

არა, ძვირფასო, ამ ნათელ ღამით,
ამ თავანკარა ზაფხულის ღამით
ვერ დავიძინებ!

ეს ვარსკვლავები, ჩემო ძვირფასო,
ეს ვარსკვლავები დამათრობელი,
და ეს სიჩუმე,
ეს სიჩუმე,
შენი თვალების ელვარებით განათებული,
ჩემს წამწამებზე ჩამომსხდარან და ციმციმებენ.

ამ ნაზი ღამით,
როცა ჩიტის ყოველი ბუდე
ბედნიერებით სავსე ნავია,
მე ვერაფრით ვერ დავიძინებ,
ვერა, ძვირფასო!


შენიშვნა:

ნაზიმ ჰიქმეთ (თესალონიკი, 1901 – მოსკოვი 1963) – ერთ-ერთი უდიდესი თურქი პოეტი. პაპამისს, ნაზიმ-ფაშას გალათასარაის ლიცეუმის (რომელსაც მაშინ მეკტებ-ი-სულთანი ერქვა) დიპლომი ჰქონდა. დედამისი – ლინგვისტი და პედაგოგი – ენვერ-ფაშას ქალიშვილი იყო. მან იცოდა ფრანგული, უკრავდა როიალზე და გატაცებული იყო ფერწერით.
იყო რა მარქსისტი, ნაზიმ ჰიქმეთმა 13 წელი გაატარა ციხეში და პოეზიას ყველაზე სისხლიანი ხელოვნება უწოდა. მისი ნაწარმოებები მკვეთრად კრიტიკულია. თურქ მწერალთაგან მან პირველმა ახსენა სომეხთა გენოციდი. გასული საუკუნის 30-იან წლებში ნაზიმ ჰიქმეთმა განაცხადა, რომ შემოქმედი ადამიანის სულის ინჟინერია.
დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ის შეუერთდა ათათურქს ანატოლიაში. შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. 1921-1928 წლებში სწავლობდა სოციოლოგიას მოსკოვის უნივერსიტეტში და იმავე პერიოდში გახდა თურქეთის კომუნისტური პარტიის წევრი. 1938 წელს 28 წლისა და ოთხი თვის პატიმრობა მიუსაჯეს „ანტინაცისტური და ანტიფრანკისტული საქმიანობისათვის“. მომდევნო ცამეტი წელი მან ციხეში გაატარა. 1955 წელს მიენიჭა მშვიდობის საერთაშორისო პრემია. თურქეთის მოქალაქებაჩამორთმეული, სიცოცხლის ბოლოს პოლონეთის მოქალაქე იყო. გარდაიცვალა მოსკოვში გულის შეტევით.


AUBE / ЗАРЯ

აისი

მიყვარხარ! დადგა ამინდი აქ საჰაერო კოცნების,
მიყვარს მაგ თმების ოქროსფერ აისის შუქში შრაშუნი,
მიყვარს ეგ ბავშვის თვალები, ეგ კაბა, ხელი შროშანის,
მაჩიტელების სიცილი, შენი სიტყვები ოცნების.

Aucun commentaire: